ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე ვიცეპრემიერ ცქიტიშვილის ბრალდებას იმეორებს და კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ოპოზიციურ აქციებსა და შეკრებებს ასახელებს.
"საყვედურით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააძლიერა. ანუ ყველა ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან ერთ სივრცეში იყო შეკრებილი და მათ უკვე თავიანთ რეგიონებში წაიღეს და ახლა ყველა საქართველოს რეგიონში გვაქვს აფეთქება. ამაში უარყოფითი წვლილი მიუძღვის იმ ყველა შეკრებას, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, სულ სხვა მოტივით და სხვა ვნების ფორმით განახორციელა ოპოზიციამ და ამაში მათ თავისი წვლილი უნდა ზიდონ აუცილებლად", - ამბობს კახაძე.
ოპოზიციურ შეკრებებს ეპიდსიტუაციის დამძიმება ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც დააბრალეს. ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მიზანმიმართულად მოუწოდებდნენ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული წესების, მათ შორის, პირბადის ტარების წესის დარღვევისკენ.
"როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს", - თქვა ცქიტიშვილმა.
ხელისუფლების ბრალდებების საპასუხოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერები ჩიხური სიტუაციის გადაბრალებას იმიტომ ცდილობენ, რომ მძიმე ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსავალს ვერ პოულობენ.
"არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ცქიტიშვილის განცხადებას ამორალური უწოდა.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ყველა კრიზისის და ჩავარდნის ოპოზიციაზე გადაბრალება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ხელწერაა.
"რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის", - ამბობს ბოკერია.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი.