logo
ENG



კახიძე: ფარცხალაძე სააკაშვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ, მერაბიშვილს თავისუფლებას პირდებოდა

20 თებ 202021:48
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეები მანიპულირებულია და ეს ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა.

კახიძის თქმით, რომელიც მერაბიშვილის უფლებადამცველია, პირადად, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძეს შესთავაზა ბრალდებულს გარიგება.

„ვანოს თხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე მიეცა ინფორმაცია და ეუბნებოდნენ, რომ შენ ყველა საქმეს ჩამოგაწერთ. ამას პირადად ფარცხალაძე ეუბნებოდა. ეს დადგენილი ჰქონდა ევროპულ სასამართლოს. ვინაიდან ფარცხალაძეს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ჩამოეწერა ეს ბრალდება. განაჩენები ეჭვქვეშ დადგა. თუ ფარცხალაძე ეუბნებოდა, რომ ყველა ბრალდებას მოგიხსნი და თუ ამას არ იზამ ციხეში გაგიშვებ, ესე იგი საქმეებიც მანიპულირებულია“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.


close დახურვა