logo
ENG



კახიძე: ქართულ ოცნებას პოლიტიკური დევნის ნაწილში რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მივეცით დრო

22 ივნ 202007:39
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ახლა ისინი 8 მარტის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ. პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს.

თუმცა, მისივე თქმით, თუკი შემდეგ მოსმენამდე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში იქნება, პარტიის დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ მივეცით დრო იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური დევნის ნაწილში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ამის პროგნოზირება რთულია, ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ. თუ ჩვენი ხმების გარეშე გააქვთ სისტემა, ეს არ გამოიწვევს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას. შესაბამისად, ამას არ მოჰყვება ნორმალიზაცია პოლიტიკური ვითრების. ამ ყველაფერზე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ და პერსონალური ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილს“, - აცხადებს კახიძე.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ თუ მმართველი გუნდი ოპოზიციონერი დეპუტატების ხმების გარეშე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის საკითხი აუცილებლად დადგება. 

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა დამოკიდებულია პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. თუ კი „ქართლი ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, იგულისხმება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მიიღებს კონსტიტუციას, მას არ ექნება ის პოლიტიკური წონა, რაც შეიძლება ჰქონოდა, ჩვენი მონაწილეობისას. მან არ გაითვალისწინა ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ“, -  განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.

 

 


close დახურვა