საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დოლიძეს ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადაედგა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობასთან პოლიტიკური საქმიანობა შეუთავსებელია.
„მინდა ქალბატონი დოლიძის სამარცხვინო ბრალდებებს გამოვეხმაურო ნაზი ჯანეზაშვილთან მიმართებაში. ის, რომ მტყუანი იყო ქალბატონ ჯანეზაშვილთან, ეს დაადასტურა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობასთან პოლიტიკური საქმიანობა შეუთავსებელია. როგორც გავიგე, ის საბჭოს დატოვებას აპირებს და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა, მანამ სანამ "ქართული ოცნების" სტილში სამარცხვინო ბრალდებებს დაიწყებდა ჯანეზაშვილის მისამართით“, - აცხადებს კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ახლა დოლიძესა და ჯანეზაშვილს შორის დავის დრო არაა.
„ნაზი ჯანეზაშვილი პრინციპული ადამიანია, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს და არა მეგობრული ინტერესებიდან გამომდინარე. ანა დოლიძის ეს გადაწყვეტილება კარგია. არ არის დავა ანასა და ნაზის შორის, სხვადასხვა ფლანგიდან უნდა გააკეთონ ის საქმე, რასაც აქამდე აკეთებდნენ“, - განაცხადა გოცირიძემ.
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძე-ჯანეზაშვილის დაპირისპირება: „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებდა. ის დოლიძეს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა და ახსენებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იყოს და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდეს.
„ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.