logo
ENG



კელი: როგორ შეიძლება ხალხის ინტერესში იყოს ექსპრეზიდენტის შიმშილობის არასწორი წარმოჩენა

08 ნოე 202111:25
3 წუთის საკითხავი
 
კელი: როგორ შეიძლება ხალხის ინტერესში იყოს ექსპრეზიდენტის შიმშილობის არასწორი წარმოჩენა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამკაცრებას ეხმაურება და სვამს კითხვას - როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობას მიაჩნდეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტის დამახინჯება და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა.

"როგორ არის შესაძლებელი, მთავრობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს, რომ მთავრობა მცდარად წარმოაჩენს ყოფილ პრეზიდენტს [მის შიმშილობას] და უარობს მისთვის იმ სამედიცინო მკურნალობის გაწევას, რაც ექიმების თქმით, მას სჭირდება?" , - წერს იან კელი ტვიტერზე.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" საბაბით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს.

ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. 

იმავე დღეს, მოგვიანებით სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, დანამატების მიღებაში ის პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა. 

მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერსვე განაცხადა, რომ საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.  

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს. 


close დახურვა