logo
ENG



კეპულაძე კომპენსაციის გაცემაზე:კერძო სექტორზე ისრების გადატანა არ არის დროული

21 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები მმართველ გუნდს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა თითს ბიზნესისკენ იშვერს და პასუხისმგებლობას ბიზნესსექტორს სრულიად უსაფუძვლოდ აკისრებს. მათი განცხადებით, 2 თვის განმავლობაში მთავრობას უზრუნველყოფილი უნდა ჰყოლოდა ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და დახმარება მაისის თვეში უნდა ჩაერიცხა, რადგან არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის საგანგაშო და მათ დროულად სჭირდებათ დახმარება.

ეკონომიკის ექსპერტები ყურადღებას დახმარების სიმცირეზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ ეს მცირე დახმარებაც კი არ მიდის ადამიანებთან დროულად. 

მათი განცხადებით ხელისუფლებას ფულადი დახმარება ყველა ადამიანზე უნდა გაეცა, რომელთა ოჯახის შემოსავალიც წლიურად 40 000 ლარს არ აღემატება.

„ქართული ოცნების" მთავრობა გამოირჩევა იმით, რომ ყველაფერი ცუდის გადაბრალებას სხვისთვის ცდილობს. მაგ. კერძო სექტორს, ბანკებს, ეროვნულ ბანკს, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ცდილობდნენ პასუხისმგებლობის ვექტორი გადაიტანონ სხვაზე, თუმცა ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ეს მათ მიერ შემუშავებული სოციალური დახმარების პროექტია. მესმის, რომ რთულია თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება, მაგრამ ეს მათი გეგმაა და კერძო სექტორზე ისრების გადატანა არ არის დროული“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელმა გიორგი კეპულაძემ.

ეკონომისტ დურუ მახარაძის განცხადებით, სახელმწიფომ არასწორი სოციალური პოლიტიკა დაგეგმა, რამაც წარმოშვა ბიუროკრატიული პრობლემები. მისი განცხადებით, სოციალური პოლიტიკა გამორიცხვის მეთოდით უნდა გაკეთებულიყო, არჩეულიყო ის ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ დახმარებას და ყველა დანარჩენისთვის გაცემულიყო თანხა. 

„კრიზისიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ეს დახმარება ადამიანებთან ძალიან სწრაფად მივიდეს. მათ ფული სჭირდებათ დღეს და არა 2 წლის ან 6 თვის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სწორი სტრატეგია განსაზღვროს. 

სახელმწიფომ არასწორი სოციალური პოლიტიკა დაგეგმა. აიღო მიზნობრივი ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ამით ავტომატურად წარმოიქმნება ბიუროკრატიული პრობლემები და ვეღარ მოხერხდება სწორად აღრიცხვა. 

მიზნობრივი პოლიტიკა იყო არასწორი, უნდა გაგვეკეთებინა გამორიცხვის მეთოდით სოციალური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ აგვერჩია ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ დახმარებას და დანარჩენი ყველასთვის დაგვერიგებინა ფული. ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე 2,7 მილიონი ადამიანი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა“, - განაცხადა ეკონომისტმა დურუ მახარაძემ.


close დახურვა