logo
ENG



კვირიკაშვილი მუხთარლის ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის ვიღაცის ინტერესებს ემსახურება

09 აპრ 202114:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/09/5xph222ow2ptwqp.jpg

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების დროს პრემიერის პოსტს იკავებდა, მუხთარლის "ბრალდებებს" აბსურდულს უწოდებს და გამოთქვამს ეჭვს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საჯარო განცხადებებს "ვიღაცის" ინტერესების სასარგებლოდ აკეთებს. 

მუხთარლის გატაცების საქმე, რომელსაც საქართველოს პროკურატურა უკვე მე-4 წელია ფორმალურად იძიებს, ამ დრომდე არ არის გახსნილი. 2017 წლის 29 მაისს მუხთარლის თბილისიდან გატაცების, აზერბაიჯანში მისი დაპატიმრების და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისს გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით ეწვია, თუმცა 8 აპრილს პროკურატურაში მისულ მუხთარლის თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს, რის გამოც დაკითხვა გადაიდო. 

მუხთარლი ამ დრომდე დარწმუნებულია, რომ მისი გატაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა ქართველი სპეცსამსახურების მონაწილეობით მოხდა. 

"ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო", - ამბობს ყოფილი პრემიერი მთავართან, - "თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი, როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს.". 

რაც შეეხება ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომელმაც მუხთარლის გატაცების საქმეზე საუბრისას კვირიკაშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა, ყოფილი პრემიერი მას არ პასუხობს. 

"ნიკა სამხარაძემ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, მუხთარლი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მის საქმეს  ობიექტური გამოძიება არ ეღირსება. მან 11 მარტს საქართველოს სტრასბურგში უჩივლა, რადგან 2020 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც ის ქართულ გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით გერმანიიდან თბილისში მოფრინავდა, ქართულ საკონსულოსა და აეროპორტში ბიუროკრატიული მიზეზებით საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და ქვეყანაში ჩამოსვლის საშუალება არ მისცეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მაშინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საზღვრის კვეთისას შექმნილი დაბრკოლებები პანდემიას დაუკავშირა და მუხთარლის ვიზიტი პოლიტიკურ მოტივებს მიაწერა

მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. 

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.


close დახურვა