logo
ENG



კირბი: ვითარება მოითხოვს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე

03 თებ 202209:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/03/xrvt0xbmanb0isw.jpg

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება მოითხოვს, რომ გაძლიერდეს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

"არსებული ვითარება მოითხოვს, რომ გავაძლიეროთ შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მზარდ საფრთხეს. 

NATO-ს მეხუთე მუხლის და კოლექტიური თავდაცვის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია, ეს ძალები არ იბრძოლებენ უკრაინაში, მათი მიზანია უზრუნველყონ NATO-ს მოკავშირეების საიმედო დაცვა.

ბატონი პუტინი აგრძელებს ძალების ზრდას, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც მან დაამატა ძალები დასავლეთ რუსეთში, ბელარუსში, ხმელთაშუა ზღვაში და ჩრდილო ატლანტიკაში. მას არ გამოუვლენია რაიმე ნიშანი იმისა, რომ დაინტერესებულია ან სურს დაძაბულობის დეესკალაცია." - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

კირბიმ ასევე თქვა, რომ აშშ-მ ნათლად უნდა აჩვენოს არა მარტო ნატოელ მოკავშირეებს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს, რომ აშშ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდება.

უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, აშშ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტს ზრდის, 2000 ამერიკელ ჯარისკაცს უახლოეს დღეებში გერმანიასა და პოლონეთში გააგზავნიან. აშშ-ის შეიარაღებული ძალების 8500 ჯარისკაცი უკრაინაში გადასასხმელად კვლავ მზადყოფნაშია.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მისი ომში ჩათრევის მიზნით სცენარების განზრახ შექმნაში ადანაშაულებს.

კრემლის პრესრელიზში ნათქვამია: "აღნიშნულია NATO-ს მოუმზადებლობა, ადეკვატურად უპასუხოს რუსეთის საფუძვლიან შეშფოთებას, ამავე დროს, ის იმალება ალიანსის ე.წ. ღია კარის პოლიტიკის უკან, რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტურ პრინციპს".

***

რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 

 

close დახურვა