კლინიკების ასოციაცია პრემიერს მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, კლინიკების მიმდებარედ დროულად გაიხსნას საველე ჰოსპიტლები, ხოლო საავადმყოფოებმა დროულად დაიხმარონ სამხედრო ექიმები.
"ფაქტიურად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ბიოლოგიურ იარაღს ვირუსის სახით... კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს... სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან... ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები... პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება... მედპერსონალის დეფიციტია... ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს... დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს...
არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია:
1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები;
2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას.
შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს:
1) განიტვირთება კლინიკები;
2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი;
3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრდება მათი ოპერატიული მოქმედება;
4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში;
5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;
6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში.
7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუფლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.
მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კლინიკების ასოციაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ სამედიცინო პერსონალი საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდეს.
"ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათის მანძილზე თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების მანძილზე გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავათავისუფლოთ", - აღნიშნავენ ასოციაციაში.
კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა და სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა მოხდეს პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან.
კლინიკების ასოციაცია საველე ჰოსპიტლების გახსნასთან დაკავშირებით უკვე მეორე განცხადებას აკეთებს, მან ეს რამდენიმე დღის წინაც მოითხოვეს.
თუმცა, 23 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ასოციაციას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.
ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს.
ამასთან, 23 ნოემბერს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის და სავარაუდოდ, ქვეყანაში საჭირო გახდება საველე ჰოსპიტლების განთავსება.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 123 470 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 102 270 ადამიანი, ხოლო 1 161 გარდაიცვალა.
სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 251 ადამიანი, ხოლო კოვიდ სასტუმროებში - 3 863.