logo
ENG



კობახიძე: 2008 წლის ომის შემდეგ სანქციები არავის დაუწესებია, არც მაშინდელ მთავრობას

16 მარ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: 2008 წლის ომის შემდეგ სანქციები არავის დაუწესებია, არც მაშინდელ მთავრობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია, მათ შორის არც მაშინდელ მთავრობას.

კობახიძის თქმით, სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა გაუგებარია, "როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია".

"გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია", - განაცხადა კობახიძემ.

მან გაიმეორა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება.


close დახურვა