logo
ENG



კობახიძე: 30-ვე ოლქში ველით გამარჯვებას, თუმცა ოლქების ნახევარში მეორე ტური დაგვჭირდება

01 ნოე 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარული ოლქების ნახევარში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

მისი თქმით, მეორე ტურების მიუხედავად, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მოიგებს.

"30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ველით უპირობო გამარჯვებას. მინიმუმ 14 შემთხვევაში და სავარაუდოდ, ეს იქნება 16 შემთხვევაც, ჩვენ პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში არჩევნების მოგებას შევძლებთ.

ჩვენ ანალოგიური შედეგი ვაჩვენეთ 2016 წელს. მაშინაც იყო 48% და მაშინაც დაგვჭირდა 2/3-ში მეორე ტური. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ დაახლოებით ნახევარში გვჭირდება მეორე ტური ან უფრო ნაკლებში, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი არის ანალოგიური", - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის დათვლილია ხმების 81.08% -  3 119 უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 48,33%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,47%; ევროპული საქართველო - 3,79%; პატრიოტთა ალიანსი - 3,19%; ლელო - 3,26%; სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%; გირჩი - 3,05%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,39%; ლეიბორისტული პარტია - 1%.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ლ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.


close დახურვა