ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უცხოური აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს "კატასტროფას" უწოდებს და ამბობს, რომ მისი ანალოგის მიღებას "საქართველოს პარლამენტში ვერ იკადრებდნენ".
კობახიძე ირწმუნება, რომ ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამოყოფილი ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განსხვავებულია რუსულისა და ამერიკულისგან და "ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს".
"გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, ის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონიური კანონი"- ამბობს კობახიძე.
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.