logo
ENG



კობახიძე: არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი

19 სექ 202316:16
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი

"არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი", - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა დაუსვეს. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება, რომ ადამიანს აგენტი უწოდო.

ირაკლი კობახიძე რუსული კანონის მხარდამჭერია, რომლის მიღების შემთხვევაშიც უცხოური გავლენის აგენტები ხდებოდნენ ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც გარკვეული რაოდენობის უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ამასთან, ირაკლი კობახიძე "აგენტებად" ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხშირად მოიხსენიებს.

"როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეს "ვიღაც დააბრალებს ადამიანს აგენტობას", სახელმწიფო მტკიცებულებები უნდა მოუთხოვოს.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა