ჟურნალისტის კითხვაზე, ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ეს დღე აუცილებლად დადგება.
"ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, თუმცა ეს დღე აუცილებლად დადგება. როდესაც იპარავ ასობით მილიონს ბიუჯეტიდან, როდესაც ადამიანებს აწამებ, კლავ, შენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტს აბარებ და უფორმებ რუსეთის ფედერაციას, ეს არ შერჩება მიხეილ სააკაშვილს. ის აღიარებული კრიმინალია და მისი კრიმინალი აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებებს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
"ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბოდიში. ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. რვა წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ნაწილის სტრასბურგის სასამართლოს მიერ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.