logo
ENG



კობახიძე: აშშ-ში გვესმის მინიშნება, რომ ოცნებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

15 აპრ 202111:09
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: აშშ-ში გვესმის მინიშნება, რომ ოცნებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარტნიორებთან კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა.

როგორც კობახიძე ამბობს, პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.

„დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესის განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ.

ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა.

14 აპრილს ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

5 მარტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.


close დახურვა