logo
ENG



კობახიძე: ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი

01 აგვ 202311:31
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 31 ივლისს ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი. გარდა ამისა, გუშინდელ აქციას ის პროვოკაციას უწოდებს და პოლიციელებს რეაგირებისთვის მადლობას უხდის. 

ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. აღნიშნულ ლაინერზე იყვნენ რუსი არტისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ღიად უჭერენ მხარს. მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

"ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ ნაცმოძრაობის სახეები - ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგის დროს. 

 


close დახურვა