ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უერთდება კახი კალაძის მოწოდებას, რომ ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთონ "დაუყოვნებლივ". რუსთავი 2-ზე გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრისას კობახიძემ ახსენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.
"აქ არის მარტივი რაღაც: მოწოდებაა კახი კალაძის, რომ მერობის ყველა კანდიდატმა ჩააბაროს ნარკოტესტი. არავითარი სამართლებრივი ვალდებულება აქ არაა, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა იქნებოდა რომ ყველას დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ეს ტესტი. მითუმეტეს, ტესტის დაყოვნება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება თავი აირიდო დადებითი პასუხისგან, ხო? ჯანსაღი პოზიცია რომ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში გახარიას და წასულიყო დღესვე ხვალვე ზეგ ნარკოტესტის ჩასაბარებლად, ამით მოხსნიდა ყველა კითხვას, მაგრამ რატომღაც მან სხვა გზა აირჩია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ პირადადაც არაერთხელ აქვს ჩაბარებული ნარკოტესტი და "ცხოვრებაში არასდროს გაუსინჯავს ნარკოტიკი".
მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ასევე რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს.
"ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - თქვა მან.
ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა". ამასთან, კალაძემ თქვა, რომ კონკურენტებთან დებატებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დათანხმდება.