logo
ENG



კობახიძე: გახარიამ მელიას დაკავებაზე პოზიცია 17 თებერვალს, ხუთ საათზე შეიცვალა

12 მარ 202123:45
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ღამის კურიერში განაცხადა, გახარიამ პოზიცია ჯერ კიდევ სასამართლოს მიმდინარეობისას, 17 თებერვლის 17 საათზე შეიცვალა. მას სპეცოპერაციის გადადება სურდა.

რუსთავი 2-ის ეთერში კობახიძემ განმარტა, რომ სპეცოპერაციის საკითხებზე მსჯელობა პოლიტსაბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა.

„გვქონდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. 17 თებერვლის ხუთ საათამდე იყო გუნდის იდენტური მისი პოზიციები, ხუთ საათზე ეს შეიცვალა. გვქონდა დისკუსია. ეს ზუსტად გვახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია და ეს დრო იყო, დაახლოებით ხუთი საათი, როცა ეს საკითხი პირველად წარმოიშვა. დაფიქსირდა პოზიცია, რომ უნდა გადადებულიყო ორი დღით ეს სპეცოპერაცია. არგუმენტი არ იყო მყარი ჩვენთვის, რომ ადამიანების კონცენტრაცია ნაკლები იქნებოდა ენმ-ის ოფისში. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ გაიზრდებოდა კონცენტრაცია და გაიზარდა კიდეც, რამაც გაართულა ოპერაციის ჩატარება. გარკვეულ წრეში, ძირითადად პოლიტსაბჭოს წრეში, გვქონდა საუბრები. პრემიერი იყო უმცირესობაში. ვიდრე განცხადება გაკეთდებოდა, გვქონდა საუბარი მე და პრემიერს, არგუმენტებში კვლავ იყო წინააღმდეგობა, მე მას გავუზიარე ჩემი არგუმენტები. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა და გააკეთა მან განცხადება გადადგომაზე. ჩვენი საუბარი დასრულდა ამ განცხადებამდე ათი წუთით ადრე", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება. 

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

 

close დახურვა