logo
ENG



კობახიძე: ვიდრე კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია

14 დეკ 202113:32
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პოლიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ნაციონალური მოძრაობა თავს დამნაშავედ გამოაცხადებს და პოლიტიკიდან წავა.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას შერიგებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა დანაშაული, უმძიმესი დანაშაული რაც მათ აქვთ ჩადენილი: წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი.

ამის შემდეგ, მათ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს, ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, უნდა აღიარონ ეს. ამის შემდეგ შეიძლება, რა თქმა უნდა, დაიწყოს საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან რთულად წარმოუდგენია ამ ტიპის ეროვნული თანხმობა. კობახიძე შერიგების ვერ მიღწევის მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის ბუნებას“ ასახელებს. თუმცა, პარტიის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება სცადოს გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარება საქართველოში.

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა