logo
ENG



კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით ამ პერიოდში

20 დეკ 202218:43
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით ამ პერიოდში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის "საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში" და "ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა".

კობახიძის მტკიცებით, ზელენსკის გუშინდელმა მიმართვამ "დაადასტურა ყველაფერი, რასაც ამბობდნენ".

"ჩვენ ვამბობდით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე, მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ", - თქვა კობახიძემ იმედის ეთერში. 

გუშინ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად" - წერია რეზოლუციაში. 


close დახურვა