logo
ENG



კობახიძე: თუ ენმ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მკაცრი რეაგირება გვექნება

08 ივნ 202112:36
3 წუთის საკითხავი
clock 373
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კვლავ ემუქრება და ამბობს, რომ თუ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ამას მმართველი გუნდის მხრიდან "მკაცრი რეაგირება" მოჰყვება.

კობახიძის თქმით, ენმ ვერ ისარგებლებს მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პრივილეგიებით, მათ შორის, ვერ ჩაერთვება სამუშაო ფორმატებში.

"დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, არც ფორმალური არც არაფორმალური. მათ მოუწევთ აუცილებლად მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, ამას ხაზგასმით ვამბობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი... თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ამ დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ბუნებრივია, ვერ ისარგებლებენ. მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება მიშელის დოკუმენტის აღსრულებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს, ვინაიდან მათთვის 2019 წლის 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი კატეგორიულად მიუღებელია. 

საპასუხოდ ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერც დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც - "პრივილეგიებით" ისარგებლებს, რომელსაც ოპოზიციას შეთანხმება ანიჭებს.

დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. რაც შეეხება "პრივილეგიებს", რომელზეც კობახიძე საუბრობს - დოკუმენტის მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა დაიკავოს.

ვინ გახდა პარლამენტის დეპუტატი ენმ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ნახეთ აქ

 

close დახურვა