logo
ENG



კობახიძე: ივანიშვილი მზადაა, არჩევნების შემდეგ დანიგანს შეხვდეს, მზაობა დააფიქსირა ელჩმაც

22 ოქტ 202415:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/22/5poadf84o57ltto.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რადგან გარემოებები შეიცვალა", ბიძინა ივანიშვილი მზადაა, არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდეს.

კობახიძის თანახმად, შეხვედრის მზაობა დააფიქსირა ელჩმაც.

"მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები მის ანგარიშებზე, შეუჩერეს გადარიცხვები და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, მას ამ ფონზე არ სურდა შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", - თქვა მან.

კობახიძე ირწმუნება, რომ ეს შეხვედრა "ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას".

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე აუცილებლად შედგება. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ამისათვის, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით", - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 21 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო იმედთან ინტერვიუში თქვა, რომ მას საქართველოში აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან არჩევნების შემდეგ შეხვედრა აქვს ჩანიშნული.


close დახურვა