logo
ENG



კობახიძე: მელიამ თქვა, რომ ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციას, წმინდა წყლის სიცრუეა

08 ნოე 202020:37
3 წუთის საკითხავი
clock 1218

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე თქვა, რომ დეპუტატი თინა ბოკუჩავა დაუკავშირდა მათ და შეხვედრა სთხოვა, ნიკა მელია კი სიცრუეში დაადანაშაულა.

"ნიკა მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ახასიათებს და რაც არაა კაცისთვის შესაფერისი საქციელი. მან თქვა, რომ ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციას. ეს წმინდა წყლის სიცრუეა. ქალბატონი თინა ბოკუჩავა დაგვიკავშირდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ. ის არის პარლამენტის წევრი. 

მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემაზე. განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღეს, 20 საათზე, მას შემდეგ რაც ქართული ოცნებისთვის მიცემული დრო ამოიწურა,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები "გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან". 

როგორც მელია ამბობს, მათგან მხოლოდ ერთი პასუხი მიიღეს - "ხვალ იქნებ დაგელაპარაკოთო".

"მაშინ, როცა აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს.  რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს ჰიპოტეთური დაპირებისა არ სჯერა", - თქვა მან. 

ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. მელიამ თქვა, რომ შენობაში ვერავინ შევა და გამოვა, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. 

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას 20:00 საათამდე მისცა დრო, გადაეყენებინა თამარ ჟვანია და დაენიშნა ხელახალი არჩევნები. ცესკოს პიკეტირების შესახებ განცხადება მელიამ სწორედ მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ გააკეთა. 


close დახურვა