ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები "ბოლო პოლარიზებული არჩევნები იყო".
კობახიძის განცხადებით, ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, უნდა გადაერთონ იმ საკითხებზე მსჯელობაზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
"ამ არჩევნების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალზე მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო. ჩვენი ვალია ეს ვითარება მომდევნო არჩევნებამდე თვისებრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება", - თქვა კობახიძემ.
ოპოზიციის წევრები არ იზიარებენ ცესკოს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება, მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე კანდიდატებს შორის ხმების სხვაობა.
ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.
ოპოზიციამ პერმანენტული აქციების მოწყობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატის მანდატიტ დატოვებას აპირებენ მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე, ანი წითლიძე, ნონა მამულაშვილი და ლევან ვარშალომიძე.