logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილი არის ფეიკი და მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი

08 ნოე 202110:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებზე აცხადებს, რომ "მისი შიმშილობა ფეიკია". კობახიძის თქმითვე, ამაში საზოგადოებაც დარწმუნდა. 

"იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა და როგორც ყველაფერში, ამ ყველაფერშიც სააკაშვილი არის ფეიკი და მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი. ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოება დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა, ომბუდსმენის ცნობით, ციხის ადმინისტრაციის დოკიმენტებით იგი ოფიციალურად მოშიმშილე პატიმრად მიიჩნევა. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, სასიცოცხლო მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, ექიმები აწვდიდნენ საკვებ დანამატებს. 

პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 


close დახურვა