logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილის ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია

29 აპრ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას დააზიანებს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ამ თემაზე უკრაინელ კოლეგებთან უკვე ისაუბრეს.

„გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან უკრაინის ხელისუფლებიდან და კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, არის დადებითი. კერძოდ, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარემ, ის აცხადებს, რომ სავარაუდოდ არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. ასევე იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს დეპუტატი დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოების მიერ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.

„მის მიმართ გამოტანილია არაერთი გამამტყუნებელი დანაშაულის საქართველოს სასამართლოების მიერ და განაჩენი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია იმის მანიშნებლად, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა ძალადობრივი რეჟიმის შემადგენელ ნაწილს. ეს არის გასათვალისწინებელი ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რადგან ყველაფერი ამის ფონზე, სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა იქნება არაკეთილმეზობლური ნაბიჯი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


close დახურვა