ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას პროვოკატორს უწოდებს და ვაზისუბნის 62-ე უბანთან მომხდარ ინციდენტშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატს ადანაშაულებს.
"სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ ან მეათედ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ მოხდა მეშვიდედ, მერვედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ მე მგონი ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არის სამწუხარო. თუმცა, ასეთი ტიპის რეაგირებაც არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს - მაგალითად, მელიას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
ვაზისუბანში 62-ე უბანთან თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მელია ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, რა დროსაც პირი მიეპარა და თავში ჩაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი.
მელია 62-ე უბანთან მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილზე ელექტროენერგია გაითიშა და ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა.
ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატები და მათი მხარდამჭერები. ისინი აგრესიულები იყვნენ და მელიას აგინებდნენ.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.