logo
ENG



კობახიძე: საელჩოების განცხადებებმაც მისცა გვარამიას საშუალება, დამატებით გაეძარცვა R2

17 მაი 202211:17
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: საელჩოების განცხადებებმაც მისცა გვარამიას საშუალება, დამატებით გაეძარცვა R2

ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2017 წელს [როცა ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა] მათ შორის საელჩოების განცხადებებმაც მისცა ნიკა გვარამიას საშუალება, დამატებით გაეძარცვა რუსთავი 2. ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, თუ გაეცნო გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

კობახიძემ თქვა, რომ "არ იცის, რა დგას ამის უკან".

"ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იგივე განცხადებებმა, მათ შორის ეს იყო საელჩოების განცხადებებიც, მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა რუსთავი 2. დღესაც გვაქვს იგივე სახეზე, რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყველას მოუწოდებს, "არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს".

"ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც ამ კამპანიაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩართულია, სამწუხაროდ, ეს განცხადებაც. მე არ ვიცი, შეიძლება ამის უკან იდგეს ის, რომ არასწორად არის ინფორმირებული, შეგვიძლია დავიტოვოთ ამის იმედი, თუმცა არ ვიცი, არ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც და არამარტო, სამწუხაროდ, ამის მიღმაც იყო ჩართულობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შორის ამ განცხადებებმაც, იგივე საელჩოების განცხადებებმაც საშუალება მისცა 2017-2019 წლებში გვარამიას, დამატებით განეგრძო რუსთავი 2-ის ძარცვა. დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაცმოძრაობა ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ და ვერ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია, შეფასებაში ჩვენ ვერ შევალთ. 

ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე თქვა, რომ გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას.

მათი განცხადებით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.


close დახურვა