პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, "პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს". ასე უპასუხა მან კითხვას ევროკავშირის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ გარკვეული დაფინანსების შეჩერებაზე.
მისი მტკიცებით, "მცირე თანხებზეა საუბარი"
"რაც შეეხება ტერმინ რუსულ კანონს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით. რაც შეეხება დაფინანსებას, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. არის ძალიან მცირე თანხებზე საუბარი, თავად ფაქტი არის ცუდი, ის ფაქტი, რომ სიცრუის გამო ხდება რაღაც თანხების შეჩერება, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ იმდენად მცირე თანხებზეა საუბარი, რომ ამის დაკომპესირებას არაფერი სჭირდება.
დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით, ამ ყველაფერთან მიმართებით, იმ პროექტებზე, რაზეც არის საუბარი, არის ზღვაში წვეთი. არავითარი დიდი ფინანსები არ არის ამასთან დაკავშირებული, ამის კომპესირება ადვილია, ცუდი არის ის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები სიცრუეზე დაფუძნებით ახორციელებენ ასეთ აქტებს. ეს არის შემაშფოთებელი და სამწუხარო. მიზერულია და დავუკოკმპესირებთ.
მაგალითისათვის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი სფერო, სადაც თანხები იდება, ამას გვეუბნებიან, მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ამ თანხების წლიური მოცულობა ევროკავშირის ნაწილში არის დაახლოებით 5 მილიონი ევრო, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა შესაბამის პროექტებზე წლის განმავლობაში ხარჯავს 330 მილიონ ლარს.
ვხედავთ როგორი თანაფარდობაა, ამის დაკომპესირება არ არის პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას. კომპესირება არ არის პრობლემა, მაგრამ ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს", - თქვა კობახიძემ.