ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან შეთანხმების მიღწევის შანსები 50-50-ზეა და შედგება თუ არა, დამოკიდებულია მხარეების მიდგომებზე.
კრისტიან დანიელსონთან მეორედ შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს კონსტრუქციული მიდგომა და “კარგი 50%-ის იმედი“.
„ჩვენ წინადადებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არცერთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერსებში და ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. რაც შეეხება შეთანხმების ალბათობას - რთული დიალოგია და არის, ალბათ, ყოველთვის 50-50-ზე. მოდით, დავიტოვოთ, კარგი 50-ის იმედი.
დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობის პრინციპი - ყველაფერი იქნება განხილული, რაც ამ პრინციპთან იქნება შესაბამისობაში. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას, მაგრამ ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიციები და ამან ჩაშალა პირველ ჯერზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, შეთანხმება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო.
დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.