ირაკლი კობახიძე რუსთავი 2 -თან სტუმრობისას ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მისი განცხადებები ნინოწმინდის პანსიონში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ასეთი "რბილი" და ხომ არ უკავშირდება ეს საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭების შიშს, ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ეს ასეც უნდა იყოს".
"საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს, მემგონი, ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს", - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონში არსებული კატასტროფული ვითარების შესახებ "რბილი" განცხადებები საკითხის სენსიტიურობით ახსნა, მათ შორის, საკითხში ეკლესიის როლის გამო.
"ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი. ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვნახოთ ყველაფერი", - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარებ, - "არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ბავშვებს ეხება და ბავშვების უფლებებს. როდესაც ეკლესიას ეხება საკითხი, თემა, ამ შემთხვევაშიც, არის მგრძნობიარე".
დღეს სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის ეპარქიამ რეპუტაციული ზიანის კონტროლის მიზნით, პანსიონში მცხოვრები ბავშვების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვებს ავტორიტეტული პირების, მათ შორის, თავად ეპისკოპოსის თანდასწრებით ეკითხებიან, სურთ თუ არა პანსიონის დატოვება.
ვიდეოკადრებში ეპისკოპოსის კითხვის პასუხად რამდენიმე ბავშვი ტირის, რამდენიმე კი ამბობს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ.
პანსიონის ბენეფიციართა ნაწილმა რამდენიმე დღეა ღიად დაიწყო პანსიონში არსებული ძალადობრივი და ბავშვებისთვის შეუსაბამო პირობების შესახებ საუბარი. ისინი აღმზრდელების და მასწავლებლების მხრიდან სისტემატურ სასტიკ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ, აქტივისტების შეფასებით - სწორედ ამ მიზეზით არ უშვებს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონში სხალთის მთავარეპისკოპოსი სახალხო დამცველსა და მედიის წარმომადგენლებს.
დღეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) საქართველოს ხელისუფლებას , საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდა, არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობების გამო კი, საბჭო "შოკირებულია".
IRCT თავის მოწოდებაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მისამართით გამოქვეყნდა, სრულად მიმოიხილავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ კატასტროფულ ვითარებას და ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის და IRCT-ის ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლელა წისქარაშვილის ანგარიშები მოჰყავს.
"IRCT შოკირებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობებით", - ვკითხულობთ IRCT-ის მოწოდებაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - "ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა გასამართლდეს, სახელმწიფომ კი პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრული რეპარაცია და რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს".