ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მან 13 წლის წინანდელ მოვლენებს მიუძღვნა, სწორედ მაშინდელ მთავრობაზე ილაპარაკა.
"ეს დღე გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.
ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა.
უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ!
უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ დავთმოთ!
უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ". - წერს ირაკლი კობახიძე.
რუსეთის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი თქმით, ის, რაც 13 წლის წინ მოხდა, "ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციაა, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს".
5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება".
თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი აზრით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.