ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეყვეტა ქვეყნის დამშვიდებას ემსახურება. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
"თქვენ გახსოვთ რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ სამი დეპუტატის მიმართ, რა თქმა უნდა, ასევე, ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. მიზანი არის ერთადერთი", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ენმ-ს შეთავაზებას, რომ დეპუტატების ადგილები პროპორციული სიით შეივსოს, კობახიძე ამას "პოლიტიკურად არასერიოზულს უწოდებს".
"ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით, ასე ვთქვათ, მათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან", - ამბობს ის.
პარლამენტმა დღეს სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ.
ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.
საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.