ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არცერთ შემთხვევაში არ ჩატარდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება "თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ", ოპოზიცია "მაინც ყველაფერს წააგებს".
"ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც, პლებისციტსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ის ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონს შეხვდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ "კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი".
შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო.
დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.