პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "ბავშვურ საქციელს" უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ტრადიციულ მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.
კობახიძე ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებს და აღნიშნავს, რომ ბაიდენთან ვახშამზე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ მიწვეულები.
"რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე - ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. ეს ბავშვური საქციელია, რაც არ შეშვენის. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას - ამ ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს - რაც იყო, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ [...]
ბაიდენმა მიიწვია რამდენიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებული ავტორიტარული - კონსტიტუციურად. არც ერთს არ დავასახელებ რა თქმა უნდა. რამდენიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერს რომ იწვევ, უმასპინძლდები, და საქართველოს უუქმებ მოწვევას, აქედან საზოგადოებამ ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნებს", - თქვა კობახიძემ.
***
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ფორმულას აშშ-ის საელჩოში უთხრეს, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.