ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო.
თუმცა, ახლა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".
"ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბარიერის კუთხით ნებისმიერი ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და არ უნდა შეეხოს და არც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს.
"თუმცა, რიგგარეშე არ იქნება". - ამბობს ის.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის მიხედვით კი, რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.