logo
ENG



კობახიძის თქმით, არაა ვალდებულება, რომ ბარიერის დაწევაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ

02 ნოე 202114:11
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არ აქვთ. ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ კონსტიტუციაში არაფერი შეიცვლება, ამით დემოკრატიის განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებს. ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის კი პლენარულ სხდომებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც კობახიძემ თქვა, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება, ცვლილებებიც ვერ განხორციელდება.

"ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5%-იანი დემოკრატიული საარჩევნო ბარიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა. მაგრამ რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის. იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა 5-პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული", - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 2 ნოემბერს ფრაქცია რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების მეორე მოსმენაზე დაყენებას ელოდება.

"გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ სჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


close დახურვა