კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებზე დღესაც გაგრძელდება. ოპოზიციაში მიაჩნით, რომ ახალი ბიუჯეტი უსამართლოდ არის გაწერილი. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ფინანსურ დოკუმენტში შესული ცვლილებები საკმარისი არ არის პანდემიით დაზარალებული ყველა ადამიანის დასახმარებლად.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ახალი ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. როგორც პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, წარმოდგენილი ბიუჯეტი ფულის დარიგებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუჯეტი დგება საარჩევნოდ. ეს არ არის ეკონომიკური პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ეს არის ფულის დარიგებაზე ორიენტირებული. ისეთი დაცინვა, როგორც იძახდა ფინანსთა მინისტრი, როგორ მოუჭირეს ქამრებს და როგორ იმცირებდნენ, ბოდიში მომითხოვია და მივლინებაში სად უნდა წავიდნენ არავინ ეძახის და ჩაკეტილები არიან, ამას ქამრების შემოჭერა არ ჰქვია“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ შემოტანილი დოკუმენტი არის წინაასაარჩევნოდ შედგენილი ბიუჯეტი.
„ეს ბიუჯეტი, არ წარმოადგენს არანაირი გეგმის ნაწილს, რომლითაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ამბობს, რაც ფული გვაქვს, მოდი ასე ხომ არ დავხარჯოთ. მთავრობას უნდა ჰქონდეს ხედვა თუ როგორ გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან. აქ კიდევ არის უბრალოდ, რომ არსებული თანხა იწილო-ბიწილოთი გაანაწილონ და ამ განაწილებაში ყველაზე ნეგატივი, რაც არის, უკვე დავარქვი ამას წინასაარჩევნო ბიუჯეტი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უსამართლოს უწოდებს ბიუჯეტს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი ბექა ნაცვლიშვილი.
„ჩვენი მოსაზრება რაც არის გაჟღერებულ იქნა და იმედი მქონდა, მთავრობა ამას გაითვალისწინებდა ბიუჯეტის წარმოდგენინსას, მაგრამ ასე არ მოხდა. თვითდასაქმებული და მათთან ერთად არაფორმალურად დასაქმებულები. მთავრობა ამას ვერ არჩევს, თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებულები სხვა არის. გადასახადების შემცირების მიზნით, ადამიანები ოფიციალურად არ ჰყავთ გაფორრმებულები. ეს ადამიანებიც ვერ მიიღებენ დახამრებას, მიუხედავადა იმისა, რომ დაკარგეს მანამდე სამუშაო ადგილი პანდემიამდე თუ პანდემიის შემდეგ. ამიტომ ეს ბიუჯეტი უსამართლოა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„თქვენთვის როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით შემოსულია საქართველოს პარლამენტში. პროცედურულად კომიტეტებზე იქნება ამ დოკუმენტის განხილვა. ასევე საპარლამენტო სუბიექტები განიხილავენ ცვლილებებს და 17-ში იქნება შემაჯამებელი სხდომა საფინანსო კომიტეტზე, რომლის შემდგომაც გადაეგზავნება მთავრობას, მთავრობიდან შემდგომ უკვე შემოვა ხელმეორედ ბიუჯეტი გადამუშავებული და ამ თვის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ როგორც კომიტეტებზე და საპარლამენტო სუბიექტებზე, ასევე საბოლოოდ სესიაზე ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.