საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საერთაშორისოდ ძებნილი ნიშნიანიძის მხრიდან ფედერაციისადმი მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელი შაბათის ფორმულამ გასაჯაროვა, აცხადებს, რომ თავად ეს შეტყობინება არ მიუღია და ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს მიაწოდეს ინფორმაცია.
კობიაშვილის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მთავარია თითოეული მოთამაშის უსაფრთხოება და შესაბამისმა სამსახურებმა ამ საქმეზე უკვე დაიწყეს მუშაობა.
კობიაშვილი აცხადებს, რომ ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ”არავის ჰქონდეს საშუალება, დაძაბულობა და გაუგებრობა შეიტანოს გუნდში, რომელიც ერთიანია“.
„უშუალოდ მე არ მიმიღია ეს შეტყობინება. ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს აქვთ უკვე ინფორმაცია. შესაბამისად ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მთავარი თითოეული ჩვენი წევრის, თითოეული მოთამაშის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე შესაბამისი სამსახურების საქმიანობა და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს საშუალება, ის დაძაბულობა, ის გაუგებრობა შემოიტანოს გუნდში, რომელიც არის ერთიანი, რომელიც დგას წარმატების გზაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ წარმატების გზას ერთობლივად განვახორციელებთ და გავაგრძელებთ“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სპორტული ჟურნალისტები მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ როგორც ჩანს ფედერაციაში ჩანაწერის გასაჯაროებამდეც იცოდნენ მომხდარზე და მათი მხრიდან აუცილებელად უნდა მომხდარიყო მყისიერი რეაგირება.
სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე აცხადებს, რომ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია არა დაინტერესებულმა მხარემ - ფეხბურთის ფედერაციამ, არამედ შაბათის ფორმულამ გაასაჯაროვა.
ცნობილაძის თქმით, შესაძლებელია სამხრეთ კორეული გუნდი - ულსან ჰიუნდაი, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის თამაშობს ასევე დაინტერესდეს ამ საქმით.
სპორტული ჟურნალისტები და კომენტატორები ფეხბურთის ფედერაციისგან განმარტებებს ითხოვენ.
შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება. წყაროს ცნობით, მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, სადაც ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ესაუბრება, ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი.
ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.
მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს.
შაბათის ფორმულას ცნობით, მუქარის შესახებ იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ვაკო ყაზაიშვილი Facebook-ზე სტატუსით გამოეხმაურა. ყაზაიშვილმა ფეხბურთის ქომაგებსა და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.
ფეხბურთელი ამბობს, რომ ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის "მძიმე და მიუღებელია".