logo
ENG



კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

14 თებ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/14/ngfecc0hj6e4f66.png
საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. 

დღევანდელ კომიტეტზე კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს უსმენდნენ. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 

***

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება. 

კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა

სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უწყების დაშლა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია. თუმცა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა