logo
ENG



კონგრესმენებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვერ აირჩიეს

04 იან 202311:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/04/m9wpm7j4wzt052h.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპიკერი ვერ აირჩიეს. რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა კევინ მაკარტიმ საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა 3 იანვარს გაიმართა. რესპუბლიკური პარტიისთვის, რომელმაც ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ეს გამარჯვების ეტაპი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაკარტის საკუთარი თანაგუნდელები განუდგნენ.

ხმის მიცემის სამი რაუნდის შემდეგ მაკარტიმ საჭირო სულ მცირე 218 ხმა ვერ მოიპოვა. მას მხოლოდ 203-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.

პალატა კვლავ შეიკრიბება ოთხშაბათს, რათა კენჭისყრები თავიდან დაიწყონ. ხმის მიცემა კი გაგრძელდება მანამ, სანამ ახალ სპიკერს არ აირჩევენ.

ბოლოს მსგავსი შემთხვევა, როდესაც სპიკერი კენჭისყრის პირველი რაუნდის შემდეგ ვერ აირჩიეს, 1923 წელს დაფიქსირდა. მაშინ სპიკერის არჩევას 9 რაუნდი დასჭირდა.

ამ თანამდებობისკენ მიმავალი ბევრი სპიკერი წააწყდა სირთულეებს, თუმცა შიდაპარტიული კონფლიქტები კენჭისყრამდე გვარდებოდა. ამჯერად კი მაკარტი კონსერვატორი რესპუბლიკელების წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებიც ჯერ კიდევ ნოემბერში დაუპირისპირდნენ მას. მათ მხარდაჭერის სანაცვლოდ სპიკერობის კანდიდატს გარკვეული პირობები წაუყენეს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მაკარტის დათმობებზე წასვლა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს 222 მანდატი აქვთ, მაკარტიმ საჭირო 218 ხმის მოპოვება ვერ შეძლო. მის წინააღმდეგ 19 კონგრესმენისგან შეკრული ბლოკი მოქმედებს. მათ სპიკერობის ალტერნატივად ჯიმ ჯორდანი წარადგინეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც თვითონ ჯორდანმა სპიკერობის კანდიდატად მაკარტი წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანმა მესამე კენჭისყრის დაწყების წინ მოუწოდა კოლეგებს მაკარტის გარშემო გაერთიანებულიყვნენ, 20-მა რესპუბლიკელმა მას მისცა ხმა.

ამავე დროს, დემოკრატები ერთგულნი რჩებოდნენ საკუთარი წარდგენილი კანდიდატის - ნიუ-იორკის წარმომადგენლის, ჰაკიმ ჯეფრისის მიმართ. ნენსი პელოსის გადადგომის შემდეგ სწორედ ჯეფრისი იქნება პალატაში უმცირესობის ლიდერი.


close დახურვა