მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად გორის ჰოსპიტალში შესვლის შემდეგ სამთავრობო კონსილიუმის ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი იღებს საკვებს ექიმების შემუშავებული კვების სქემის მიხედვით.
ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კველვები, შემუშავდა მისი მკურნალობის გეგმა და ექიმები იმედოვნებენ, რომ მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
"ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია, უტარდება აბსოლუტურად ადექვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ.
ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები, ამ პროცესში ჩართული იყო, არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი, ქალბატონი ინგა გვარლიანი, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის-კვების ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადექვატურია ამ დროისთვის, აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება.
იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, ანალიზების შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული, ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში" - ამბობს კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე
ასევე, კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსის მხრივ დინამიკა პოზიტიურია.
მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.