logo
ENG



კორტნი: შესაძლოა საქართველოს მთავრობა ნაკლებად ერთგულია ევროპული მომავლის, ვიდრე ამტკიცებს

03 ნოე 202114:56
3 წუთის საკითხავი
 
კორტნი: შესაძლოა საქართველოს მთავრობა ნაკლებად ერთგულია ევროპული მომავლის, ვიდრე ამტკიცებს

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, ვილიამ კორტნი ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა იმაზე ნაკლებად ერთგულია ევროპული მომავლის, ვიდრე ამას ამტკიცებს. ყოფილი ელჩი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას ტვიტერზე გამოეხმაურა.

"დამაბნეველია, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, რომ სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით კომპრომისებსა და რეკომენდაციებზე. შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ერთგულია საქართველოს ევროპული მომავლის, ვიდრე ამას ამტკიცებს", - წერს კორტნი.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. 

მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მათ მიერ სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. 

ამასთან, მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი. 

აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. 

კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც

მან მიანიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ევროკავშირის მხრიდან, რომლის გადმორიცხვაც სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა. 


close დახურვა