logo
ENG



კრამერი: მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ოცნება მიხვდეს, რომ უკვე საკმარისია

28 ივლ 202122:04
3 წუთის საკითხავი
 
კრამერი: მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ოცნება მიხვდეს, რომ უკვე საკმარისია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ აუცილებელია დასავლეთმა იფიქროს მიზანმიმართულ სანქციებზე, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია".

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კრამერმა განაცხადა, რომ სრული პასუხისმგებლობა ახლა ქართულ ოცნებას ეკისრება, რომელიც "არსებულ სიტუაციას დასცინის". 

კრამერის თქმითვე, შექმნილ ვითარებაში უნდა გადამგდარიყო პრემიერმინისტრი, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობაზე რჩება და მდგომარეობას მხოლოდ უარესს ხდის.

„ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია.

პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. ქართული ოცნება არსებულ სიტუაციას დასცინის.

წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“,- ამბობს კრამერი.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა