logo
ENG



კულება: ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა - ოცნება იმსახურებს

04 ივლ 202301:10
3 წუთის საკითხავი
 
კულება: ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა - ოცნება იმსახურებს
reuters.com

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. შესაბამისი განცხადება კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

დიპლომატმა უკრაინაში საქართველოს ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც დააანონსა. კულებას თქმით, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, "სადაც ჩანს როგორი გამოფიტულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყველაფერმა პიკს მიაღწია, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა, მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი გადადგა".

"როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, მაშინ რეაქციის პირველი საფეხური - არის პროტესტის გამოხატვა. მეორე ეტაპი არის საკუთარი ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის. მესამე საფეხური [რეაქციის გამოხატვის] უფრო ხისტია - სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს უკრაინა დატოვოს კონსულტაციებისთვის თავის ხელისუფლებასთან. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს", - თქვა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამშაბათს, დილით დაიბარებენ, რის შემდეგაც მას "შესაბამისად გაესაუბრებიან".

"თავის ხელისუფლებასთან მან უნდა გამართოს კონსულტაციები ზოგადად იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიემართება საქართველო და რატომ ანადგურებენ ისინი [ხელისუფლება] ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ურთიერთობები შენარჩუნდეს", - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.

კულება ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება "რეალურად ცდილობს სააკაშვილი სიკვდილამდე მიიტანოს" და ამას პირადი სიძულვილის და შურისძიების გამო აკეთებს.

უკრაინელი დიპლომატი ამ ყველაფერს "სტალინურ მეთოდს" უწოდებს - "არაა ადამიანი - არაა პრობლემა".

"თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია სააკაშვილი საფრთხედ შიდა პოლიტიკისთვის - მიეცით მას საშუალება საქართველო დატოვოს, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. და იცხოვრეთ მანდ [საქართველოში] თქვენთვის, გააგრძელეთ რუსეთთან დაახლოება, თუ ეს ასე გინდათ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ ცხოველურ პოლიტიკას - მიიყვანონ [სააკაშვილი] სიკვდილამდე", - აღნიშნა კულებამ.

3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. ზელენსკი საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.

***

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 


close დახურვა