logo
ENG



კულუმბეგოვი: ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით

12 იან 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock 1381
2021/01/12/ik63ynqifiua15w.jpeg

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ Covax პლატფორმამ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები არ დაამტკიცოს. მისი თქმით, პრეპარატის შესახებ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისად გამჭვირვალე, შესაბამისად, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ Covax პლატფორმის მთავარი კონტრიბუტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი AstraZeneca იქნება. 

"ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით", - ამბობს კულუმბეგოვი", - "მათ ჩატარებული აქვთ კვლევები ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში და თითქმის მასალები გამოუქვეყნებელია". 

ჩინეთმა ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცა. ერთ-ერთს, Coronavac-ს ჩინური კომპანია Sinovac ამზადებს, რომელმაც რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის მთავრობასთან წინასწარი მომარაგების შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, მათ შორის, ბრაზილიასთან, არაბეთთან, თურქეთთან, ინდონეზიასთან და ა.შ. 

ბრაზილიის ხელისუფლებამ, რომელიც ვაქცინის გამოცდაში იღებდა მონაწილეობას, ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ Coronavac-ს 78%-იანი ეფექტურობა აქვს ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა კვლევა სრული სახით, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. 

"ზოგი კვლევით 50%-ს არ აღემატება ამ პრეპარატების ეფექტურობა, ზოგიერთი შეიძლება 78%-ს წერდეს. მე არ ვიქნები ასეთი დარწმუნებული, რომ Covax-ის პლატფორმა დაამტკიცებს ყველა ჩინურ ვაქცინას", - ამბობს კულუმბეგოვი

ამას გარდა, ვაქცინების ჩინური ინდუსტრია არაერთხელ გახვეულა საერთაშორისო სკანდალში კორუფციის და სისტემის გაუმართავობის გამო. ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექსპორტისთვის მხოლოდ 5 ჩინური ვაქცინა აქვს დამტკიცებული, მათ შორის, Sinovac-ის მიერ დამზადებული A ჰეპატიტის ვაქცინა. 

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრო ამ დროისთვის მხოლოდ Pfizer-ისAstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინებს განიხილავს. მისი თქმით, იმ ვაქცინას შემოიტანენ, რომელიც მკაცრი მარეგულირებლების ან ჯანმო-ს მიერ ყველაზე ადრე იქნება პრეკვალიფიცირებული.

დღეს, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და საქართველოს მზაობის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.


close დახურვა