logo
ENG



კულუმბეგოვის თქმით, კლუბების გახსნა საზიანოა, სახელმწიფომ უნდა იფიქროს კომპენსაციაზე

23 დეკ 202118:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/23/b4dhqzwimymrt5h.jpg

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბების გახსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საფრთხის შემცველია, ამიტომ სახელმწიფომ ამ სექტორისთვის სერიოზულ კომპენსაციაზე უნდა იფიქროს. 

"ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციისა და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს ამ ტიპის შეზღუდვები. ამიტომ სრულიად ალოგიკური იქნება ახლა ქვეყანამ ომიკრონის ცუნამის და ქარიშხალის წინ მისცეს ქვეყანას ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცველი ღონისძიების ყოველკვირეულად გამართვის შესაძლებლობა.

ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიკური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი ეს დაწესებულებები გაიხსნას", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

***

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

 17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

გუშინ, 22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. 

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა