logo
ENG



კუპრავა: ვფიქრობ, ჩემზე თავდასხმის უკან ვახტანგ გომელაური იდგა

09 მაი 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მასზე განხორციელებულ თავდასხმაში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აღმოაჩინა ავტომობილი, რომელიც თავდასხმამდეც უთვალთვალებდა და ის ძალოვანი უწყების ბალანსზეა. კუპრავა მოითხოვს, აღუდგეს, საქმის მასალებზე წვდომა და დაიკითხოს ავტომანქანის მფლობელი.

„მე ხელში მიჭირავს ფოტოსურათი, რომელზეც აღნიშნულია ავტომანქანა თავისი სანომრე ნიშნით, რომელიც თავდასხმის პერიოდში აქტიურად მითვალთვალებდა და აკონტროლებდა ჩემი გადაადგილების მარშუტებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანიდან ხდებოდა ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ჩემი თავდამსხმელებისათვის. მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ ავტომანქანა რეგისტრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე და შესაბამისად მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ აღნიშნული თავდასხმის უკან დგას ვახტანგ გომელაური. ჩემი მოთხოვნა არის შემდეგი: დაუყოვნებლივ აღმიდგეს საქმის მასალებზე წვდომა, დაიკითხოს და გამოვლინდეს თუ ვინ არის მანქანის მძღოლი და რის საფუძველზე დამყვებოდა, დაუყოვნებლივ გაიხსნას თავდასხმის ფაქტი და დამნაშავეები მიეცენ პასუხისმგებლობაში“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავს 27 თებერვალს თავს დაესხა. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობს.


close დახურვა