logo
ENG



კუჭავა: სენატის შეფასებით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და რეგიონში მისაბაძი ლიდერია

24 მარ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/24/m7roksyjvfl6tw5.jpg

ქართული ოცნების საერთაშორისო მდივნის კახა კუჭავას თქმით, სენატში საქართველო შეაფასეს როგორც პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანა და რეგიონში მისაბაძი ლიდერი. კუჭავა ასე აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა, რომელზეც ხელისუფლების მიმართ არაერთი მძაფრი და კრიტიკული შეფასება გაისმა.

კუჭავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას შეთანხმებისთვის "შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს".

"საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნეს წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად.

შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან - 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადა ევროკავშირში წევრობაზე. ბუნებრივია, გამოხატულ იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან", - თქვა კუჭავამ.

მისი განაცხადებით, "ქართული ოცნება იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული".

"ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები", - განაცხადა კუჭავამ.

23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა. 

სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:

"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია". 

მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.

"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.

"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა. 

საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა. 


close დახურვა