რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტებს უზღუდავენ.
დასკვნით სხდომამდე, რომელიც სასამართლოში 28 მარტს არის ჩანიშნული, თამთა კალანდაძემ პაემნის უფლებით ვერ ისარგებლა. როგორც მან ფორმულასთან საუბრისას თქვა, პაემნის შეზღუდვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცედურული მეზეზებით ხსნიან.
თამთა კალანდაძის თქმით, ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერია.
"უკვე 2 თვე გავიდა, ტელეფონზე კი გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია. თებერვლის თვეში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. ახლა 24 მარტისთვის დაუწერია განცხადება და ეს დღე უწევს კვირა. მამაჩემმა გუშინ, ციხეში რომ იყო და რომ იკითხა, რა შეგვიძლია შევიტანოთ, 24-ში გვაქვს ჩანიშნული პაემანი უთხრეს, რომ არანაირი პაემანი არ არის და 24-ში ვერ იქნება, იმიტომ რომ არის კვირა.
ვფიქრობ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. ხან მოსამართლე შვებულებაში გადის, ხან ბოლო სასამართლოდან კიდევ გაგვიჭიანურეს, ეს პაემნები თურმე ჩვენთვის შეუძლებელია და ადგილები არ არის, რაღაც აბსურდს ვისმენთ ამდენი თვეა", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.